“დაშლა” – სიმარტივე კომპლექსურობაში

“დაშლა” – სიმარტივე კომპლექსურობაში

2010-იანი წლების მიწურული ქართული ლიტერატურისთვის ძალიან ნაყოფიერი გამოდგა: გამოქვეყნდა მრავალი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ავტორის ნაწარმოები, თუმცა ეს პერიოდი სადებიუტო ნაშრომების სიმრავლითაც გამოირჩეოდა. 2017-2018 წლებში გამოქვეყნდა გაბრიელ ტანიეს გახმაურებული რომანი „ქანაანის შვილები“, ასევე KayaKata-ს წევრის, ზურა ჯიშკარიანის კიბერპანკის ჟანრში დაწერილი „საღეჭი განთიადები უშაქროდ“, დათო გორგილაძის მოთხრობების კრებული „ღმერთი სამსახურშია“, ივა ფეზუაშვილის პირველი რომანი „ფსკერის სახარება“ და, რა თქმა უნდა, დავით გაბუნიას რომანი „დაშლა“. ყველა ამ ნაწარმოებს ქართველი მკითხველი დიდი მოწონებით შეხვდა, თითოეული მათგანი გახდა პრემია „საბას“ ნომინანტი ან გამარჯვებული. ქართული ლიტერატურის მოყვარულები სულმოუთქმელად ელოდნენ ამ ავტორთა ახალ ნაწარმოებებს და იმედი არც გასცრუებიათ – თითქმის ყველა მათგანმა რამდენიმე წელში მკითხველი ახალი რომანებით გაანებივრა. გამონაკლისი დავით გაბუნიაა, რომელიც „დაშლის“ შემდეგ დაუბრუნდა დრამატურგიას. ამ სტატიაში სწორედ „დაშლაზე“ ვისაუბრებთ.

დავით გაბუნიამ ლიტერატურის სივრცეში მოღვაწეობა მთარგმნელად დაიწყო. მან თარგმნა ყველასათვის საყვარელი „ჰარი პოტერის“ სერიის მეორე და მესამე ნაწილები, ასევე ავგუსტ სტრინდბერგის პიესა „ფრეკენ ჟული“. დავით გაბუნიას პირველი დრამატურგიული კრებული 2010 წელს გამოქვეყნდა. პიესებს დიდი წარმატება ხვდა წილად, განსაკუთრებით ცნობილია პიესები “რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება”, “საპნის ოპუსი” და “ჩემი საქორწინო კაბა”. გარდა ამისა, იგი სერიალ „ხელოვნური სუნთქვის“ სცენარისტიც იყო.

თეატრი მწერლისთვის ერთგვარ აღმოჩენად, შესაფერის მედიუმად იქცა. როგორც თავად ამბობს, დრამატურგიის მთავარი ხიბლი მდგომარეობს მაყურებლის რეაქციის დანახვაში, საკუთარი შემოქმედების მნახველზე გავლენის ხილვაში. თანამედროვე ქართველი მკითხველისთვის დრამატურგია ნაკლებად ცნობილი სივრცეა. რომანი ჯერჯერობით რჩება ლიტერატურული ნაწარმოების ყველაზე გავრცელებულ ფორმად. ალბათ სწორედ ამან განაპირობა ის, რომ დავით გაბუნიას შემოქმედება ფართო საზოგადოებისთვის რომანის გამოქვეყნებამდე არც ისე ცნობილი იყო. 2017 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი რომანი „დაშლა“, რომელიც ამჟამად ავტორის ერთადერთი პროზაული ნაწარმოებია.

„დაშლა“ გამოქვეყნებისთანავე პოპულარულ რომანად იქცა და მკითხველს გააცნო დავით გაბუნიას შემოქმედებისთვის დამახასიათებელი თემატიკა და სტილი. ნაწარმოებმა აჩვენა ის პოტენციალი, რომელიც ავტორს პროზის წერაში გააჩნია. სიუჟეტისა და პერსონაჟების შექმნა გაბუნიასთვის პრობლემას არასდროს წარმოადგენდა, თუმცა ფორმის ცვლილებას უკავშირდება მრავალი გამოწვევა, რომლების გადალახვაც ავტორს შეიძლება გაუჭირდეს. „დაშლაში“ ეს არ შეინიშნება. თავად ავტორს აქვს ნათქვამი, რომ უყვარს მარტივად წასაკითხი წიგნები და „დაშლის“ წერის დროსაც ითვალისწინებდა სიმარტივის მნიშვნელობას. ალბათ ამან განაპირობა ტექსტის მოცულობა (130 გვერდი) და ფორმა.

მთავარი გმირი, ზურა, სამსახურიდან გათავისუფლებული, დაოჯახებული ოცდაათამდე წლის კაცია, რომელსაც სახლში ჯდომა და ბავშვების მოვლა უწევს. როცა მისი შვილები არდადეგებზე ბებიასთან მიდიან, ხოლო ცოლი ყოველდღე სამსახურში დადის დილიდან საღამომდე, ზურა აივნიდან იწყებს მეზობელი ახალგაზრდა ბიჭის თვალთვალს, რითაც იწყება პერსონაჟთა შორის არსებული ჩახლართული ურთიერთობების გამოაშკარავება. ვინ არის მოხუცი კაცი, ვინც მეზობელი ბიჭს სტუმრობს ხოლმე ღამით? რატომ არ იღებს ზურას ცოლი თინა შვებულებას? რატომ უთვალთვალებს ზურა თავის მეზობელს კამერით ხელში?

კითხვისას შეუძლებელია არ გაგახსენდეს ალფრედ ჰიჩკოკის „ფანჯარა ეზოს მხარეს“ და მიქელანჯელო ანტონიონის „ფოტოგადიდება“, რომლებიც სიუჟეტურად ძალიან წააგავს „დაშლას“. თუმცა „დაშლის“ მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ წიგნის დასაწყისში მკვლელობა უკვე მომხდარია და მკითხველმა იცის, რომ მოკლული ზურას მეზობელია. მან ზურას თვალით უნდა დაინახოს მოვლენათა განვითარება, რომელსაც უკუათვლის ფორმა აქვს. წიგნის „პროლოგი“ ასეთი წინადადებით მთავრდება: „2012 წლის 21 სექტემბერს სამყარო შეიცვალა და აღარასოდეს იქნებოდა ისეთი, როგორიც მანამდე იყო“. ბუნებრივია, მკითხველს უჩნდება კითხვა: „რა მოხდა?“ აქედან იწყება ზურას მიერ დანახული მოვლენების აღწერა, რომელსაც აქვს ერთგვარი უკუთვლის ფორმა – 18 აგვისტოდან 21 სექტემბრამდე. 18 აგვისტო არის პირველი დღე, როდესაც ზურამ დაინახა თავისი მეზობელი ბიჭი, 21 სექტემბერი – უკანასკნელი.

Screencap from Rear Window by Alfred Hitchcock
Image via Paramount Pictures

დავით გაბუნიას დრამატურგიული ნიჭი გამოსჭვივის თავის პერსონაჟებში. მიუხედავად იმისა, რომ ზურა შეიძლება ნომინალურად ვაღიაროთ მთავარ პერსონაჟად, მის ცოლ თინასა და მისი მეზობლის საყვარელ მერაბსაც სიუჟეტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. თინას ეპიზოდები განსაკუთრებით საინტერესო იმით არის, რომ ისინი არღვევს ნაწარმოებში დადგენილ სტრუქტურას და ცნობიერების ნაკადის სტილით მოგვითხრობს მის ამბავს. მისი ისტორია ერთი შეხედვით მოწყვეტილია წიგნის მთავარ სიუჟეტს, მკვლელობასა და მასთან დაკავშირებული ზურას ვოიერისტულ თავფადასავლებს, თუმცა ეს არანაკლებ საინტერესოს ხდის მას. თინა ალბათ ყველაზე კარგად განასახიერებს იმ პათოსს, რომლის გადმოცემაც “დაშლას” სურს. მისი თხრობა სპონტანური, თითქოს მართლაც დაშლილი და ქაოსურია. ეს არის პიროვნება, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია იყოს ის, რაც უნდა თუ იყოს ის, რაც სხვებს უნდათ. ეს დაპირისპირება თინას ლამის შუაზე ხლეჩს და შინაგანად ანადგურებს.

„დაშლის“ ტექსტი ქვიარ თემატიკით არის გაჯერებული და „კარადის“ საკითხს ეხება. მერაბის პერსონაჟი „კარადაში მყოფი“ სამოცამდე წლის გეი კაცია, რომელსაც ცოლი, შვილები და შვილიშვილებიც ჰყავს. მსგავს პერსონაჟებს იშვიათად ვხვდებით ქართულ ლიტერატურაში – უფროსი თაობის ქვიარობა ჯერ კიდევ ნაკლებად გავრცელებული თემაა. დამალული ქვიარობა ასევე შესამჩნევია ზურას შემთხვევაშიც. ერთი წაკითხვით მკითხველმა შეიძლება ზურაში დაინახოს ტიპური შუა ხნის ქართველი კაცი, რომელიც გამუდმებით ჰომოფობიურ ლოზუნგებს იმეორებს, თუმცა მისი ინტერესი მეზობლის მიმართ, მისი თვალთვალი, მის ერთადერთ მეგობარ იკასთან არსებული ინტიმი, თინასთან სექსუალური ურთიერთობის არქონისგან გამოწვეული ფრუსტრაცია და გარდაცვლილი მეზობლის გვამის თვალიერებისას განცდილი ჰომოეროტიული აღტყინება გვაჩვენებს, რომ ზურა თავადაც შეიძლება კარადაში შემალული გეი იყოს.

თხრობა დანაწევრებულია დროში, სივრცესა და პერსონაჟებში. თითოეული პერსონაჟი მოვლენების თავისებურ ხედვას გადმოგვცემს, მათთვის მნიშვნელოვან ელემენტებზე ამახვილებს ყურადღებას და ავსებს იმ ცარიელ ადგილებს, რომლებიც სხვა პერსონაჟების მონათხრობს გააჩნია. ეს წიგნის სათაურის მნიშვნელობასაც გვაგებინებს – სიუჟეტი დაშლილია და მკითხველის მიზანია, გააერთიანოს იგი. თუმცა, ბუნებრივია, სათაურ „დაშლას“ გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობაც აქვს. წიგნში იშლება ოჯახი, სექსუალობა, საზღვარი პირადსა და საჯაროს შორის, სხეულიც კი. ამ დაშლის ერთგვარ სიმბოლოდ შეიძლება აღვიქვათ კამერა, რომელსაც ზურა იყენებს სხვათა ავტონომიის შესალახად, რითაც არა მხოლოდ სხვისი ცხოვრების, არამედ საკუთარი პიროვნების დაშლასაც იწვევს.

თავისი სადებიუტო რომანით დავით გაბუნიამ აჩვენა, რომ არა მხოლოდ ნიჭიერი დრამატურგი, არამედ კარგი პროზაიკოსიცაა. „დაშლის“ გამოშვებიდან უკვე შვიდი წელი გავიდა. დღეს ნაწარმოები აღარ სარგებლობს ისეთი პოპულარობით, როგორიც გამოცემისას მოიპოვა. ვიმედოვნებთ, ეს მოკრძალებული შეფასება მკითხველს აღუძრავს წიგნის მიმართ ინტერესს და ამ შთამბეჭდავი ავტორის ახლოს გაცნობისკენაც უბიძგებს.

ნახეთ: ინტერვიუ ბარბარა ასლამაზთან

თედო მენაბდე Avatar