“მანდარინები” – ცხოვრება ომის დროს

“მანდარინები” – ცხოვრება ომის დროს

ზაზა ურუშაძის მანდარინები 2013 წლის ქართულ-ესტონური ფილმია, რომელშიც სიუჟეტი 90-იან წლებში აფხაზეთის ომის დროს მიმდინარეობს. 21-ე საუკუნის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული პროდუქცია, რომელმაც მსოფლიოს კრიტიკული აღიარება და ოსკარის ნომინაციაც კი დაიმსახურა, მოგვითხრობს ესტონელ მოხუც ივოზე. იგი რეგიონის ესტონურ სოფელში ცხოვრობს, უარს ამბობს კონფლიქტისაგან გაქცევაზე და მის მეზობელ მარგუსს მანდარინების დაკრეფაში ეხმარება. სიტუაცია იძაბება მაშინ, როცა ივოს ორი ჩეჩენი ჯარისკაცი ეწვევა სახლში და საჭმელს სთხოვს, რის შემდეგაც პატარა, თუმცა სასიკვდილო ჯახი იჩენს თავს ჩეჩნებსა და ფურგონით სავსე ქართველებს შორის. გადარჩენილებს, ჩეჩენ აჰმედსა და ქართველ ნიკას, სოფლის მაცხოვრებლები გამოაჯანმრთელებენ ნაცნობი ექიმის დახმარებით, შემდეგ კი ივოს სახლი ომის მიკროსამყარო ხდება.

ივო, რომლის როლსაც დიდებულად ასრულებს თეატრალური შესრულებებით სახელგანთქმული ლემბიტ ულფსაკი, მელანქოლიით სავსე მოხუცი ხუროა. თავდაპირველად ესტონური სოფელი შედარებით უსაფრთხო გარემოდაა წარმოჩენილი, თუმცა გარეგანი (როგორც ნაცნობი, ასევე უცხო) ძალების ურთიერთქმედებების შედეგად, მარტოსულად მდგომი ორი სახლი მცირე საომარ ველად ყალიბდება – ცხადია, ბედი ცუდს წინასწარმეტყველებს.

გიორგი ნაკაშიძის მიერ განსახიერებული აჰმედი პირველი დაზარალებულია, რომელიც ივოს სახლში გადის მკურნალობას, ამიტომ, როდესაც მიშა მესხის პერსონაჟი ნიკა უერთდება ფილმს, როგორც კიდევ ერთი დაზარალებული თავის ტრავმით, აჰმედის ინტერნალიზებული სიძულვილი მოწინააღმდეგის მიმართ კონფლიქტს უდებს სათავეს და დაძაბულობას ქმნის. აჰმედის სიძულვილი ორმხრივია; როგორც კი ნიკას სიარულისა და საუბრის ენერგია ეძლევა, მტრები კამათს იწყებენ. ფილმის დიდი ნაწილი მათ გამოჯანმრთელებას ეთმობა და შემდეგ მაყურებელი მათი განმეორებითი კამათის მომსწრეა. კამათი კი შეურაცხყოფებით გამოირჩევა და ფილმის ტემპს საკმაოდ აგდებს, რაც ბუნებრივი და მოსალოდნელია. ამიტომ, როდესაც სხვა ჩეჩენი ჯარისკაცები ივოს სახლს ესტუმრებიან, ნიკამ და აჰმედმა ერთად უნდა იმუშაონ ნიკას გადასარჩენად. ამ კოლაბორაციას ემატება საერთო სადილი (ისევ კამათით იმაზე, თუ რომლის კულტურა უკეთეს მწვადს წვავს) და კულმინირდება უფრო ძალადობრივი ინტერაქციით კიდევ ერთ ჩეჩნურ ჯგუფთან, სადაც მათი თანამშრომლობა უკვე ივოს სახლის ყველა ბინადრის გადარჩენისთვისაა აუცილებელი.

Image via Allfilm

ზემოთ აღნიშნული მოვლენები მტრებს მეგობრებად ვერ აქცევდა ივოს გავლენის გარეშე. ფილმის განმავლობაში ვიგებთ, თუ როგორ განიცდის ივო კონფლიქტს – ახალგაზრდა, ოცნებებითა და სიცოცხლით სავსე კაცების სიკვდილი მასზე განსაკუთრებულად ნეგატიურ ეფექტს ტოვებს. ამას ემატება ოჯახის სახლში გაბრუნება მათივე უსაფრთოხებისთვის და ომის მიერ გამოწვეული პერსონალური ტრაგედია. საბოლოოდ კი ივოს პერსონაჟი წარმოჩინდება სევდიანი მოხუცის სახე, რომელიც განრისხებულია იმ აღმატებულ ძალებზე, რომლებიც ამდენ სიკვდილსა და უბედურებას უშვებენ.

ერთობლივი ძალისხმევა, თუნდაც ერთმანეთში ხუმრობა ან მხარდამხარ ბრძოლა, და ივოს დამოკიდებულება ომისადმი გადარჩენილ მებრძოლს მსოფლმხედველობას უცვლის და საბოლოოდ გამოჯანმრთელების შემდეგ ომში დაბრუნების მაგივრად შინ, სახლში დაბრუნებას გადაწყვეტს. ფილმის ფინალური კადრი ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის “ქაღალდის გემი (მე გადმოვცურავ ზღვას)” ფონზე მიმდინარეობს, მაყურებელი კი მოწმეა პერსონაჟის განვითარებისა, რომელიც ეჭვგარეშეა, რომ ემოციებს აღძრავს.

იმის მიუხედავად, რომ ფილმი 85 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს, ომის პერსპექტივა თავიდან ცოტა მშრალი შეიძლება გვეჩვენოს. მაყურებელი საკმაო რაოდენობის ექსპოზიციისა და ტიპური “ის ხომ ჩემი მტერია, მე მას მოვკლავ” დიალოგების მომსწრეა. მიზანმიმართული ფოკუსი პატარა, ჩუმ სახლზე, რომელიც ახლა სავსეა ომის მიერ დატოვებული ძრწოლვითა და შფოთით, უნიკალურ პერსპექტივას გვთავაზობს ისტორიულ კონფლიქტზე, მოგვიანებით კი რეჟისორის განზრახვა ნათელი ხდება.

ფილმის სიძლიერე იკვეთება პირველი ჩეჩნური დაჯგუფების გამოჩენისთანავე, როდესაც სიტუაცია მძაფრდება და “საზარელი ინტერაქცია გარეგან ძალასთან – პერსონაჟის ემოციური ცხოვრებისეული ისტორია” ციკლად იქცევა. ამ ყველაფერს აძლიერებს გადაღება – დიალოგები და შედარებით მშვიდი კადრები Steadicam-ის სტილშია გადაღებული, ხოლო როდესაც კამერა ოპერატორთან ერთად მოძრაობს და ერთგვარ “ShakyCam”-ის გრძნობას ტოვებს, რომელიც მაშინვე გვანიშნებს, რომ რაღაც საშინელი ხდება.

Image via Allfilm

ფილმის პირველი ნაწილის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ემოციური ჩართულობა თავდაპირველად ჩემთვისაც გაძნელდა, თუმცა სცენარის ემოციურმა პასაჟმა ყველაფერი შეცვალა და გამიკვირდა, რამდენად ეფექტურად იმოქმედა ფილმის ბოლო წუთებმა ჩემზე. ცხადია, დასაფასებელია როგორც ურუშაძის, ისე ყველა რეჟისორის შემოქმედებითი ღვაწლი, თუმცა, ვთვლი, ის ემოციური ბმა, რომელიც ფილმი მე-3 მოქმედებისადმი ვიგრძენი კონკრეტული ისტორიული მოვლენისადმი პერსონალური დამოკიდებულების შედეგიცაა. 2013 წლის ფილმი დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის ფონზეც რელევანტურია და, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს იქნება მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო.

ნახეთ: ინტერვიუ ბარბარა ასლამაზთან