„ქეითლინ კლარკის ეფექტი“ – ქალთა კალათბურთის მდგომარეობა საქართველოში

„ქეითლინ კლარკის ეფექტი“ – ქალთა კალათბურთის მდგომარეობა საქართველოში

2024 წელი ქალთა კალათბურთისთვის და, ზოგადად, ქალთა სპორტისთვის, განსაკუთრებული აღმოჩნდა. ამერიკული კალათბურთის ლიგის, WNBA-ს აღნიშნული წლის მაყურებელთა რაოდენობა 170%-ით აღემატებოდა წინა წლის მონაცემებს და მზარდი დაინტერესება ფანების ენთუზიაზმშიც გამოიხატებოდა – მაყურებლები მსოფლიოს მასშტაბით, დროის სხვაობის მიუხედავად, ეკრანებთან იკრიბებოდნენ და სპორტისთვის ახალი ისტორიის შექმნაში იღებდნენ მონაწილეობას.  

მსგავსი ბიძგის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი „ქეითლინ კლარკის ეფექტია“. კლარკი ჟურნალი „თაიმის“ წლის ათლეტი გახდა – ამის მიზეზი მხოლოდ მისი ამაღელვებელი თამაშის სტილი, შეუძლებელი სამ ქულიანები და თამაშის ხედვის უნიკალური შესაძლებობა არ ყოფილა, 22 წლის ათლეტის ქარიზმა მოედნის მიღმაც ითარგმნებოდა – მისი კავშირი ახალგაზრდა ფანებთან და აქტიური მუშაობა ქალთა სპორტისკენ მეტი ყურადღების მისაპყრობად კლარკს არამხოლოდ ქალთა, არამედ მთელ სპორტის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მოთამაშედ აქცევს. კლარკმა თავდაპირველად ყურადღება ჯერ კიდევ უნივერსიტეტთა ჩემპიონატზე მოიპოვა – საშუალო 31.6 ქულით, 8.9 ასისტითა და ლოგოდან ჩაგდებული სამიანებით ის ნებისმიერი სპორტის მოყვარულისთვის შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. გარდა ამისა, ქეითლინ კლარკი NCAA-ს ყველა დროის ბომბარდირისა და WNBA-ს წლის საუკეთესო დებიუტანტის ტიტულს ატარებს.

აღსანიშნავია, რომ მის გარდა ქალთა კალათბურთის ამ ლიგას არაერთი ვარსკვლავი ჰყავს, რომლებსაც არანაკლები წვლილი მიუძღვით პოპულარობის ახალი ტალღის შექმნაში – ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან წლის MVP ეიჯა უილსონი, ენჯელ რისი, ბრიენა სტიუარტი, დაიანა ტორასი, საბრინა იონესკუ, არიკე ოგუნბოუალე და სხვები ქმნიან მაყურებლისთვის დაუვიწყარ თამაშებს და კალათბურთს, როგორც სპორტს, სულ სხვა პერსპექტივიდან წარმოაჩენენ.

2024 წელი ქართული ქალთა კალათბურთისთვისაც უმნიშვნელოვანესია – 27 წლის შემდეგ საქართველოს პირველად ჰყავს ქალთა ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, რომელმაც FIBA-ს პირველ ტურნირზე უკვე იასპარეზა.

Image via Georgian Basketball Federation

ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა შენგელია, მისი მოადგილე კი ლელა ცანავა გახდა. კახა შენგელია worldsport.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს იმ დაბრკოლებებზე, რომლებსაც ქალთა ნაკრების ჩამოყალიბებისას წააწყდა – მისი თქმით, საქართველოს არ ჰყავს 20 წლამდელთა ნაკრები, რაც ასაკობრივ ჯგუფებში წყვეტით და მოთამაშეთა დეფიციტით აიხსნება, რომელიც, ხშირად, კარიერული უპერსპექტივობიდან გამომდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ქართულ ქალთა კალათბურთზე ინფორმაციაც კი მწირია, რაც, თავის მხრივ, ამცირებს მოტივაციას.

„ქეითლინ კლარკის ეფექტსა“ და სპორტისთვის ახლად შეძენილ პოპულარობას ხშირად უკავშირებენ აშშ-ში ბავშვთა მზარდ ინტერესს კალათბურთში, რასაც კვლევებიც ადასტურებს. სპორტისა და ფიტნესის ინდუსტრიის ასოციაციის ერთ-ერთი მრჩეველი, ტომ ქოვი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივი მონაცემებით უშუალო ეფექტი ვერ გაიზომება, წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ სპორტში მნიშვნელოვანი ფიგურების გამოჩენას ხშირად დაინტერესების ზრდაც მოჰყვება, რაც ნათლად გამოჩნდა 1990-ებში მია ჰემის საფეხბურთო კარიერითა და მის მიერ ინსპირირებული ახალგაზრდებით.

აღნიშნული ეფექტი მხოლოდ აშშ-ზე არ ვრცელდება და, როგორც უკვე აღინიშნა, კლარკმა მაყურებელი გლობალურ დონეზე მოიზიდა, შესაბამისად, მისი გავლენა შესაძლოა საქართველოშიც გახდეს მეტი დაინტერესების საფუძველი – სპორტული გამოცემებისა და ჟურნალისტების ყურადღების ქალთა სპორტზე მიპყრობა და, უშუალოდ, თამაშების ხელმისაწვდომობა ბუნებრივად შექმნის იმ წინაპირობას, რომელიც ახალგაზრდა გოგოებისთვის ახალ, სპორტულ ინტერესს დაუდებს საფუძველს. აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული სპორტული არხები თითქმის არასდროს აშუქებს ქალთა სპორტის სახეობებს, იშვიათი გამონაკლისების, მაგალითად, ჩოგბურთის გარდა, და, შესაბამისად, ვერ სარგებლობს იმ პოპულარობით, რაც მის საპირწონე კაცთა სპორტს, ამ შემთხვევაში – NBA-ს აქვს.

 სპორტული ვარსკვლავების გაცნობა, საკითხის გაშუქებისა და მის გარშემო დისკუსიის ზრდა, როგორც სხვა ქვეყნების მაგალითმა გვაჩვენა, დროის მანძილზე ამცირებს იმ გაუცხოებას, რომელიც გოგოებსა და კარიერულ სპორტს შორისაა ჩამოყალიბებული.

ნახეთ: ინტერვიუ ბარბარა ასლამაზთან

თიკა გობაძე Avatar