კანონპროექტი “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”: შინაარსი და საფრთხეები

კანონპროექტი “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”: შინაარსი და საფრთხეები

მმართველმა პარტიამ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი ივნისის თვეში პირველი მოსმენით დაამტკიცა.
კანონის საბოლოოდ მიღებამდე დარჩენილია კიდევ 2 მოსმენა, რა წერია მასში და რა საფრთხეებს შეიცავს იგი?

მიუხედავად იმისა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება კონსტიტუციით აკრძალულია, მოცემული კანონპროექტი ზღუდავს ქორწინების ალტერნატიული სამოქალაქო კავშირების რეგისტრაციას, რაც ლგბტ ადამიანთა ხელმისაწვდომობას საოჯახო, ქონებრივ და მემკვიდრეობით სამართალთან და ჯანმრთელობის საკითხებთან შეაფერხებს. ამასთანავე, კანონპროექტი ასევე კრძალავს ლგბტ, მათ შორის მარტოხელა, ადამიანებისთვის შვილად აყვანას, რაც დაობლებული ბავშვის ლგბტ ნათესავზე მეურვეობის შეზღუდვასაც გულისხმობს. გარდა იმისა, რომ მიდგომა დისკრიმინაციულია, ბუნდოვანია, როგორ მოხდება პირთა სექსუალური ორიენტაციის შემოწმება.

Organizers canceled the event after anti-LGBTQ activists disrupted the Tbilisi Pride festival on July 8, 2023.
Image via CNN

კანონპროექტის თანახმად, იკრძალება სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებას და ასევე სახელმწიფო დოკუმენტებში განსხვავებული სქესის მითითებას. პროექტი უხეშად იჭრება სხეულის განკარგვის თავისუფლებაში და აჩენს კითხვებს არარსებული პასუხებით, თუ რომელი სამედიცინო ჩარევა შეიძლება ჩაითვალოს სქესის შეცვლის ინსტრუმენტად.

პროექტი დაუშვებლად სცნობს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ლგბტ პროპაგანდასა და პოპულარიზაციას, რომლის ზუსტ ფარგლებს კანონმდებელი არ ასახელებს. თუმცა სიზუსტით აკეთებს ჩანაწერს, რომ ერთნაირსქესიანთა ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება ან იმავე შინაარსის რეკლამა დაუშვებელი იქნება. ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი ლგბტ პოპულარიზაციისკენ მიმართული შეკრებების და მანიფესტაციების აკრძალვაა, რაც არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან მოდის წინააღდმეგობაში, არამედ – საქართველოს კონსტიტუციასთანაც.

პროექტი მიზნად ისახავს შრომითი ურთიერთობების რეგულირებასაც და ბათილად აცხადებს ისეთ ვალდებულებას, რომელიც “მიმართულია ბიოლოგიურის საკითხის უგულებელყოფისკენ”. პარლამენტის თავმჯდომარემ ვალდებულების მაგალითად მოიყვანა ბორტგამცილებლებისთვის ისეთი ტერმინების გამოყენების აკრძალვა, როგორიცაა “ქალბატონებო და ბატონებო”. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ყველა ბორტგამცილებელს ექნება მუშაობისას ამ ტერმინის გამოყენების უფლება.

კანონპროექტი სრულად შეგიძლიათ matsne.gov.ge-ზე წაიკითხოთ.

ნახეთ: ინტერვიუ ბარბარა ასლამაზთან