პროტესტის ერთი წელი და კინო, რომელიც საფრთხეშია

პროტესტის ერთი წელი და კინო, რომელიც საფრთხეშია

ერთი წლის წინ გაჩნდა რეალური შიში, რომ ქართული კინო საფრთხეშია. ეს მოხდა მაშინ, როდესაც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელად დანიშნა დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი თანამშრომელი, კობა ხუბუნაია და 2023 წლის 11 ივნისს სამსახურიდან მოულოდნელად დაითხოვა ყოფილი დირექტორის მოადგილე, ნინო კუხალაშვილი, მოგვიანებით კი ეს პოზიცია საერთოდ გააუქმა. საკადრო ცვლილებები ჯერ კიდევ 2022 წლის 14 მარტს დაიწყო, როდესაც კულტურის სამინისტრომ თანამდებობიდან გაათავისუფლა კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხაიძე, და ეს გადაწყვეტილება აუდიტის მიერ აღმოჩენილ ფინანსურ დარღვევებსა და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტებს დაუკავშირა. აღნიშნული თავად ჩხაიძემ უარყო და გათავისუფლების მიზეზად თეა წულუკიანის მიმართ მისი ღია კრიტიკა დაასახელა.

რაც შეეხება გასულ წელს დაწყებულ რეორგანიზაციას, მას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. წერილი Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა, დაწყებულმა პროცესებმა კი გააჩინა საშიშროება, რომ კინოცენტრი დაკარგავდა ავტონომიას, რაც, ლოგიკურია, გავლენას იქონიებდა დამოუკიდებელ კინოზეც. ამას დაემატა ისიც, რომ კულტურის მინისტრს კინოცენტრამდეც გაუტარებია საკადრო ცვლილებები თეატრებში, მუზეუმებსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, ამიტომ კინოცენტრის თანამშრომლების განგაში კულტურის სხვა სფეროების წარმომადგენლებმაც გაიზიარეს.

Image via Netgazeti

პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ რეორგანიზაციის პროცესის შეწყვეტას, კინოცენტრის ხელმძღვანელის არჩევის წესის შეცვლასა და ახალ დირექტორთან შეხვედრას. მათ მოთხოვნებს კულტურის სამინისტროდან რეაგირება არ მოჰყოლია. კინემატოგრაფისტებმა საქართველოს პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარეების სახელზეც შეიტანეს წერილი, თუმცა უპასუხოდ დარჩენის შემდეგ 2023 წლის 21 აგვისტოს მათ ეროვნულ კინოცენტრს ბოიკოტი გამოუცხადეს. ბოიკოტს დღემდე 500-მდე სპეციალისტი უერთდება.

კინოცენტრის მხრიდან გაჩერებულია პროტესტის მონაწილეთა ის პროექტებიც, რომლებმაც დაფინანსება ჯერ კიდევ რეორგანიზაციის დაწყებამდე მოიპოვეს. ერთი წლის განმავლობაში კინემატოგრაფისტებმა მიმართეს პროტესტის მრავალ ფორმას. ამავე პერიოდში მათ მიერ ჩამოყალიბდა მოძრაობა “ქართული კინო საფრთხეშია”, შეიქმნა “საქართველოს კინოინსტიტუტი”, ჩამოყალიბდა კინემატოგრაფისტთა პროფკავშირი და კინოოპერატორთა ასოციაცია. დღემდე კინემატოგრაფისტთა მთავარ მოთხოვნად რჩება ხელმძღვანელის არჩევის წესის შეცვლა, რაც კინოცენტრის სამართლიანად, გამჭვირვალედ და ხარისხიანად მუშაობას უზრუნველყოფს.

პროტესტი არაერთხელ მოექცა საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში, ამიტომ მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რა დატვირთვის ინსტიტუტია კინოცენტრი და რა მასშტაბის პრობლემას შეიძლება წარმოადგენდეს მისი მმართველობის სრულ კონტროლში აღმოჩენა.

რატომ სჭირდება ქვეყანას დამოუკიდებელი კინოცენტრი?

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი 2000 წლის 5 დეკემბრიდან არსებობს და შექმნილია “ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” კანონის საფუძველზე. ამავე კანონში კინოცენტრის ფუნქციონირების ერთ-ერთ მთავარ პრინციპად გაწერილია “შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნა,” ამრიგად კინოცენტრი სახელმწიფო სტრუქტურის ნაწილია, რომლის დამოუკიდებლობაც კანონით არის გარანტირებული.

კინოინდუსტრიაში სახელმწიფოს მიერ თანხის ჩადება ახალი კონცეფცია არ არის. განსხვავებული დაფინანსების სქემები და პრაქტიკები არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში. არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვით ევროპული საზოგადოებისა და კინოცენტრების მიერ კინო აღქმულია ხელოვნების დარგად, რომელიც ქვეყნის კულტურისა და იდენტობის ნაწილია. აღნიშნულის გამო მის დაფინანსებას კულტურის შენარჩუნებისა და ხელშეწყობის კუთხით უფრო უყურებენ, ვიდრე ფინანსური მოგების წყაროდ.

ფულერტონის ქვეყნის კონცეფციის მოდელის მიხედვით კი სახელმწიფოებს სხვა ერებთან კომუნიკაცია შეუძლიათ კულტურული ექსპორტით. კინო ერთ-ერთი ეფექტური გზაა ქვეყნის, როგორც ბრენდის, პოპულარიზების. ის ზრდის ინტერესს სხვა ერებში და ახალისებს ტურიზმს. შესაბამისად, ქვეყნის, როგორც ბრენდის აღქმა ნათელს ხდის, თუ რატომ დებენ სხვადასხვა სახელმწიფოები კინოინდუსტრიაში ფულს ქვეყნის ბიუჯეტიდან.

Image via GNFC

ამ პრინციპების შესაბამისად, ქართული კინოცენტრის ვებ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ცენტრის მთავარ ფუნქციებში შედის საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართული კინოს პოპულარიზაცია, კინომემკვიდრეობის დაცვა, კინოგანათლების გავრცელება და თავისუფალი კინოპროექტების ხელშეწყობა. გარდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციისა, კინო საზოგადოების გამაერთიანებელ, კულტურის განუყოფელ ნაწილად შეიძლება დავინახოთ. ამასთან დაკავშირებით კინორეჟისორ ქეთი მაჭავარიანს ვესაუბრეთ, რომელმაც ხაზი გაუსვა კინოს, როგორც სახალხო მოვლენის მნიშვნელობას:

“ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს ისეთი ღირებულებითი საკითხები საზოგადოებისთვის, როგორიც არის ფეხბურთი. ასეთივეა კინო. ჩვენთან არსებობს ქართული კინოს ყურებისა და მისით სიამაყის დიდი ტრადიცია, ისევე როგორც ეს ფეხბურთის შემთხვევაშია.”

შესაბამისად, ქართული კინოს სახელმწიფო დაფინანსების სიმწირის მიუხედავად, მაინც ჩანს ამ დაფინანსების არსებობის აუცილებლობა – კინო ქვეყნის იდენტობის ნაწილია. მეორე საკითხია კინოცენტრის საქმიანობა, რომელიც შესაძლოა გასცდეს კინოს ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებს და ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში. სწორედ ამ საფრთხემ აიძულა კინემატოგრაფისტები ჯერ პროტესტი გამოეთქვათ და, შემდგომ, ბოიკოტი გამოეცხადებინათ კინოცენტრისთვის.

კულტურის სამინისტროსთვის და, ზოგადად, მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ჩვენი კოლეგების ფილმები – სწორედ ის ფილმები, რომლებიც წინა წლებში კინოცენტრის მიერ იყო დაფინანსებული. ის პროცესები, რაც ამ წუთას კინოცენტრში გამჭვირვალობის სახელით მიმდინარეობს, რეალურად შინაარსის კონტროლს ემსახურება და ჩნდება ეჭვი, რომ ისინი ცდილობენ ყველა პროექტი, რომელიც მომავალში დაფინანსდება, იყოს მათთვის კომფორტული და ემსახურებოდეს პროპაგანდას. ამით, ბუნებრივია, მომავალი თაობისთვის შემოქმედებითი თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლებაც შეიზღუდება,” – აცხადებს ქეთი მაჭავარიანი კინემატოგრაფისტთა მომავალი თაობებისთვის არსებულ რისკებზე საუბრისას. მისი აზრით, კინოცენტრში და მის გარეთ მიმდინარე ისეთი მოვლენები, როგორიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ძალაში შესვლა ან “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებაა, არათუ გაართულებს და, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელსაც გახდის უცხოელი დონორების მიერ ქართველი კინოხელოვანების განვითარების დაფინანსებას, არამედ სახელმწიფოს მისცემს ბერკეტს პირდაპირ ჩაერიოს ხელოვნებაში და მხოლოდ მისთვის მისაღებ პროექტებს მისცეს არსებობის საშუალება.

რთულია პროგნოზების გაკეთება კინოცენტრის ან პროტესტის მომავალთან დაკავშირებით, თუმცა ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კინოცენტრის, როგორც დამოუკიდებელი კინოსთვის სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების ერთადერთი საშუალების, მიუკერძოებლობა და მასთან ერთად გამოხატვის თავისუფლების ხელშეუხებლობაც.

ნახეთ: ინტერვიუ ბარბარა ასლამაზთან