ზოგი უფრო თანასწორია: იმან ხალიფის შემთხვევა პარიზის ოლიმპიადაზე

ზოგი უფრო თანასწორია: იმან ხალიფის შემთხვევა პარიზის ოლიმპიადაზე

ოლიმპიურ თამაშებზე ჩატარებული საკრივო ორთაბრძოლა, რომელიც იმან ხალიფსა და ანჯელა კარინის შორის გაიმართა, არაერთი დისკუსიისა და კონფლიქტის დაწყების მიზეზი გახდა. კარინის სიტყვები, რომლითაც მან ბრძოლაში დანებება ახსნა, რადიკალურმა ჯგუფებმა საკუთარი ტრანსფობიური ნარატივისთვის გამოიყენეს. უმრავლესობამ ყურადღება კონკრეტულად ხალიფის გენდერულ იდენტობაზე გაამახვილა. აუცილებელია, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიეწოდოს ამ საკითხზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ავნოს არსებულმა აჟიოტაჟმა როგორც ცისგენდერ სპორტსმენებს, ასევე ტრანსგენდერ თემს.

რა მოხდა პარიზში?

2024 წლის პირველ აგვისტოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა შორის კრივის ტურნირის მერვედფინალები გაიმართა. ნახევრად საშუალო წონის ერთ-ერთ შეხვედრაში ერთმანეთს ალჟირელი იმან ხალიფი და იტალიელი ანჯელა კარინი დაუპირისპირდნენ. ორივე მათგანისთვის მიმდინარე ოლიმპიადა რიგით მეორე იყო – ალჟირელმა მოკრივემ 2021 წელს მეოთხედფინალამდე მიაღწია, იტალიელმა კი – პირველივე მატჩი დათმო. სტანდარტული ხანგრძლივობის ნაცვლად, შეხვედრა სულ 46 წამს გაგრძელდა, რადგან კარინიმ ბრძოლის გაგრძელება არ მოისურვა.

„ცხოვრებაში ასეთი ძლიერი დარტყმა არასდროს მიმიღია. ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლის შეწყვეტა ვარჩიე. მე სხვის მაგივრად გადაწყვეტილებების მისაღებად არ მოვსულვარ,“ – განაცხადა კარინიმ BBC-სთან ინტერვიუში.

2023 წელს კრივის საერთაშორისო ასოციაციამ (IBA) იმან ხალიფი ტურნირებიდან მოკვეთა, მიზეზად კი „სხვა ქალ სპორტსმენებთან შედარებით მისი უპირატესობა“ და „ქალთა ტურნირებში მონაწილეობის კრიტერიუმების შეუსაბამობა“ დაასახელა. ასოციაციას არ დაუზუსტებია, თუ რა სახის ტესტი ჩაუტარდა ხალიფს. აღსანიშნავია, რომ ხალიფს კარიერაში რამდენჯერმე წაუგია, მათ შორის, უკვე ნახსენებ ტოკიოს ოლიმპიადაზე, სადაც ის ირლანდიელ კელი ჰარინგტონთან დამარცხდა.

Image via Associated Press

IBA-ს 2023 წლის გადაწყვეტილება და კარინის ზემოხსენებული კომენტარი საზოგადოებაში აჟიოტაჟის მიზეზი გახდა. რადიკალმა ტრანსფობებმა, ყველანაირი დასტურის გარეშე, გამოაცხადეს, რომ ხალიფი ტრანსგენდერი ქალია და „ბიოლოგიური კაცების უპირატესობის“ გამო ქალთა სპორტში მონაწილეობა არ უნდა შეეძლოს. ხალიფისადმი სიძულვილის გამძლიერებელთა შორის იყო არაერთი ცნობილი სახე თუ პოლიტიკოსი.

კარინის ყველაზე დიდი მხარდაჭერა თანამემამულეებმა გამოუცხადეს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ, რომელიც LGBTQ+ უფლებებისადმი კრიტიკულადაა განწყობილი, განაცხადა, რომ „ალჟირელი სპორტსმენის სისხლში ტესტოსტერონის ეს დონე უსამართლოა. ათლეტები, რომელთაც კაცების გენეტიკური მახასიათებლები აქვთ, ქალთა სპორტში არ უნდა მონაწილეობდნენ“. მელონის განცხადებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არაერთხელ გამოეხმაურა და დააზუსტა, რომ ხალიფი არაა ტრანსგენდერი, ხოლო ტესტოსტერონის ტესტი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ახსენა, ხშირად ადეკვატური სპორტული კრიტერიუმი საერთოდაც არაა.

სოციალურ ქსელში სიძულვილის რიტორიკას ისეთი ცნობილი სახეები შეუერთდნენ, როგორებიც ილონ მასკი და ჯოან როულინგი არიან. X-ის მფლობელმა სიტუაცია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა და სცადა, კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიისთვის დარტყმა მიეყენებინა.

„ჰარი პოტერის“ სერიის ავტორი ჯოან როულინგი სოციალურ ქსელში ტრანსფობიური განცხადებებით ხშირად გამოირჩევა. მწერალმა ხალიფს არაერთხელ უწოდა კაცი და გამოაცხადა, რომ „კაცების მხრიდან ქალებზე ძალადობას ოლიმპიურ სპორტად აქცევენ“. საინტერესოა, რომ როულინგს აქამდე ქალთა კრივთან საჯაროდ შეხება არ ჰქონია და არცერთი განცხადება არ გაუკეთებია. მასკის მსგავსად, მანაც მიმდინარე სიტუაცია საკუთარი პოზიციის გასამყარებლად გამოიყენა და ამას დღემდე აგრძელებს – როულინგი საკუთარ პოსტებში იმანს მამაკაცის ნაცვალსახელებით მოიხსენიებს და ტრანსფობიურ სტატიებსა და ვიდეოებს აზიარებს მიუხედავად იმისა, რომ ხალიფმა, მისმა ოჯახის წევრებმა და კომპეტენტურმა ორგანოებმა მრავალჯერ დაადასტურეს, რომ იგი დაიბადა და იზრდებოდა გოგონად.

Image via Independent

რა თქმა უნდა, მსგავსი ქმედებები სოციალური ქსელის რიგითი მომხმარებლებისგანაც დისკრიმინაციული და დამამცირებელია არა მხოლოდ იმან ხალიფისთვის, არამედ ტრანსგენდერი სპორტსმენებისთვის, ტრანსგენდერი თემისთვის და, უფრო ფართოდ, ნებისმიერი მასკულინური გარეგნობის ქალისთვის. ასეთი ქმედება განსაკუთრებით საზიანო ისეთი ადამიანების მხრიდანაა, რომელთაც აქვთ საკუთარი პლატფორმა და ჰყავთ მრავალრიცხვოვანი მკითხველი. გამომწერები გაუაზრებლად, ფაქტების გადაუმოწმებლად შეიძლება აყვნენ სიძულვილის ტალღას, რომელიც ფსიქოლოგიური და ზოგჯერ ფიზიკური ტრავმის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს იმ ჯგუფისადმი, რომელსაც იგი მიემართება.

არანაკლებ საინტერესო საკითხია კრივის საერთაშორისო ასოციაციისა და მათი განცხადებების ლეგიტიმაციაც. ფედერაციას სათავეში რუსი უმარ კრემლიოვი უდგას, რომელიც მანამდე რუსეთის კრივის ფედერაციის მთავარი მდივანი იყო. საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, კრემლიოვმა ორგანიზაციის ოპერაციები შვეიცარიიდან რუსეთში გადაიტანა, ერთადერთ სპონსორად კი რუსული გაზპრომი დაიტოვა. კრემლიოვმა გარშემო სხვა რუსი წევრები (ვიცე-პრეზიდენტი აბდულმუთალიმ აბაკაროვი, იურიდიული მრჩეველი იური ზაიცევი) და ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსები (ტაუჰიტი ნენა) შემოიკრიბა, რითიც ასოციაციის ქმედებები კიდევ უფრო საეჭვო გახადა. 2022 წელს კრემლიოვმა და მისმა გარემოცვამ ასოციაციის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს ნიდერლანდელ ბორის ვან დე ვორსტს, რის შემდეგაც კრემლიოვმა პოსტი შეინარჩუნა. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და წამოწყებული ომის შემდეგ, კრემლიოვმა კრივის ტურნირებში უკრაინის ეროვნულ ფედერაციასა და ახალგაზრდა უკრაინელ სპორტსმენებს აუკრძალა მონაწილეობა. საეჭვო ქმედებების გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა IBA-ს ოლიმპიური საკრივო შეჯიბრების ორგანიზების უფლება ჯერ კიდევ ტოკიო 2020-ის დროს ჩამოართვა. სპორტული სქიზმა წლევანდელ ოლიმპიადაზეც გაგრძელდა – სწორედ ამიტომ შეძლო ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღება IBA-სგან მოკვეთილმა იმან ხალიფმა.

ხალიფი IBA-მ საერთაშორისო ტურნირებიდან 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას საჭირო პროცედურების ჩატარების გარეშე მოხსნა – მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ალჟირელ სპორტსმენს მათ მიერ ორგანიზებულ რამდენიმე ტურნირში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ტურნირიდან მოხსნა საეჭვოდ დაემთხვა ხალიფის მიერ მანამდე დაუმარცხებელი რუსი მოკრივის, აზალია ამინევას წინააღმდეგ გამარჯვებას. ამ ბრძოლის შედეგი ოფიციალურად გაუქმდა – რუს სპორტსმენს ანგარიშზე დღემდე 0 წაგება აქვს, ხოლო თავად ხალიფს 9. კრივის ასოციაციას არ გამოუქვეყნებია, თუ რა ტიპის იყო ხალიფისთვის ჩატარებული ტესტი, რომლის შემდეგაც იგი „გენდერული ნიშნით“ მოიხსნა ქალთა ტურნირებიდან. მათ განცხადებაში ნახსენები იყო მხოლოდ ის, რომ ჩატარდა არა ტესტოსტერონის, არამედ „განსხვავებული და აღიარებული ტესტი, რომლის სპეციფიკაც კონფიდენციალურია“. ხალიფმა IBA-ს გადაწყვეტილება თავდაპირველად გაასაჩივრა, თუმცა შემდეგ პროცესის გაგრძელება ფინანსური მიზეზების გამო ვერ შეძლო და საჩივარი მოხსნა.

საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც სიძულვილის რიტორიკასაა აყოლილი და იმან ხალიფს „ტრანსგენდერ ქალად“ ან სულაც კაცად მოიხსენიებს, თითქმის არასდროს ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ალჟირში LGBTQ+ უფლებები შეზღუდულია. ქვეყანაში კრიმინალიზებულია ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტები, გამოხატვის თავისუფლება და გენდერულ იდენტობასა და სქესის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურები. ზემოხსენებული ნარატივის გამო, იმან ხალიფი – რომლის დაბადების მოწმობაშიც მდედრობითი სქესია აღნიშნული და თავს დღემდე ქალად აიდენტიფიცირებს – სამშობლოში შესაძლოა ჩაგვრის მსხვერპლი გახდეს.

Image via Reuters

ქვეყანას, რომელშიც LGBTQ+ თემის წარმომადგენლებს შეზღუდული წვდომა აქვთ ჯანდაცვისა და სამართლებრივ მომსახურებაზეც კი, შეუძლებელია, საერთაშორისო ასპარეზზე გაეშვა ტრანსგენდერი სპორტსმენი. საკუთარი ტრანსფობიური ნარატივის გასაძლიერებლად პრივილეგირებული ადამიანები, რომელთა განცხადებებსაც შემდეგ მილიონობით ადამიანი ავრცელებს, პირდაპირ თუ ირიბად შეიძლება გახდნენ ფიზიკური ძალადობის მაპროვოცირებლები.

ოლიმპიური ოქროს მოგების შემდეგ იმან ხალიფმა პარიზის პროკურატურაში დისკრიმინაციის გამო სარჩელი შეიტანა X-ის წინააღმდეგ. სარჩელში აღნიშნულია, რომ ხალიფი „ქალთმოძულე, რასისტული და სექსისტური“ კიბერბულინგის მსხვერპლი გახდა. საქმეში ზემოხსენებული ცნობადი სახეების გავრცელებული განცხადებებიც მოხვდა. თუკი საქმე სასამართლომდე მივა, შესაძლოა, მოსამართლის წინაშე მათაც მოუწიოთ წარდგენა.

Image via Associated Press

რა გამოკვეთა პარიზის მოვლენებმა

პარიზში მომხდარი შემთხვევა კრივისა და, ზოგადად, სპორტის ფარგლებს საგრძნობლად გასცდა. ხალიფის წინააღმდეგ აგორებულმა კამპანიამ მსოფლიო საზოგადოების (მათ შორის, ქართველების) ტრანსფობიური განწყობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა. სოციალური ქსელები თუ ყოველდღიური დიალოგები სავსე იყო ტრანსგენდერ თემზე დისკუსიით და ხშირად დეზინფორმაციითაც როგორც ხალიფის, ასევე ტრანსგენდერი სპორტსმენების შესახებ. პოლიტიკურად მოტივირებულ განცხადებებს ის ადამიანებიც შეუერთდნენ, რომლებიც ამ თემაზე საუბრისგან აქამდე თავს იკავებდნენ. ირონიულია, რომ საზოგადოებაში თემის მიმართ შუღლი ცისგენდერი ქალის წარმატების შემდეგ გაღვივდა.

ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ TERF (ტრანს-გამომრიცხავი რადიკალური ფემინისტები) ჯგუფების გეგმები და წარმოდგენები ცისგენდერ ქალებზეც უარყოფითად მოქმედებს. ალჟირელ გოგონას, რომლის გარეგნობაც სილამაზის დასავლურ სტანდარტებს არ შეესაბამება, ფართო ასპარეზზე გამოჩენისთანავე „ქალის ფორმაში ჩაცმული კაცი“, „ლაჩარი“, „საზოგადოებისთვის საშიში“ უწოდეს და ათასობით მუქარის წერილი გაუგზავნეს. მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ იმანს, არამედ ნებისმიერ ქალს ვნებს, რომელიც სილამაზის დასავლურ სტანდარტებში არ ჯდება. ცისგენდერი ქალები ნებისმიერ მომენტში შეიძლება გახდნენ ტრანსფობების მხრიდან ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, აეკრძალოთ ქალთა სივრცეებში (მათ შორის, საპირფარეშოებსა და გასახდელებში) შესვლა და მოუწიოთ დამამცირებელი კომენტარების ატანა. სადავოა, საერთოდ შეიძლება თუ არა ეწოდოთ ამის გამო TERF ჯგუფების წარმომადგენლებს ფემინისტები – მათთვის „ზოგი უფრო თანასწორია“.

გარდა სექსიზმისა და დისკრიმინაციისა, პარიზის ოლიმპიადაზე მომხდარი მოვლენები არაერთხელ გამოიყენეს პოლიტიკური ქულების დასაწერად ევროსკეპტიკურმა და ანტიდასავლურმა ჯგუფებმა. რუსეთში, სადაც ოლიმპიადა საერთოდ არ გადაიცემოდა, მედია-სააგენტოებმა ძირითადად ოლიმპიადის ნეგატიური ასპექტები გააშუქეს. მათ შორის, დამცინავი განცხადებებით გამოირჩა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

„ყველაფერი ცხადია: დაცემული ანგელოზი ადამიანებს ზომბებად აქცევს და იმორჩილებს კაცობრიობას, რომელსაც კიდევ უფრო ცოტა დრო აქვს დარჩენილი,“ – დაწერა ზახაროვამ ტელეგრამზე და ოლიმპიადის გახსნას სატანიზმი უწოდა.

ზოგიერთმა ქართულმა მედია მაც ოლიმპიადაზე და მის გარშემო მიმდინარე მოვლენები თავისებური ინტერპრეტაციით თუ ინფორმაციის მანიპულირებით გადმოსცა. განსაკუთრებით ხშირი იყო ისეთი ამბების გაშუქება, რომლებიც „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას“ დაუკავშირეს (როცა, რეალურად, თამაშების გახსნაზე გამოყენებული სიმბოლიკა ადგილობრივი კულტურითა და ოლიმპიადის ისტორიით იყო ინსპირირებული – მაგ., „აპოკალიფსის მხედრად“ შერაცხული ფიგურა სინამდვილეში მდინარე სენას მფარველ სექვანასა და ოლიმპიურ სულს განასახიერებდა). ასეთი სტატიებისა და პოსტების შედეგად, სკეპტიციზმი ღვივდება ქართულ საზოგადოებაში, რომელსაც ფაქტების ნაწილი ისედაც არასრულად მიეწოდება და ანტიდასავლური განწყობაც ერთიორად ძლიერდება.

მსგავსი შემთხვევები წარსულში

იმან ხალიფი პირველი ქალი სპორტსმენი არაა, რომელიც მასკულინური გარეგნობისა თუ ხშირი წარმატებების გამო საზოგადოებისგან დამცირების მსხვერპლი გამხდარა. ასეთი ტიპის დისკრიმინაცია ისეთ ცნობილ ათლეტებსაც შეხებიათ, როგორიც დები უილიამსები არიან. ინტერნეტში მრავალი წლის განმავლობაში ტრიალებდა შეთქმულების თეორია, რომ სერენა უილიამსი „კაცად დაიბადა“, რისი მიზეზიც სერენას სიძლიერე და მუსკულატურა ხდებოდა ხოლმე. მეტიც, 2014 წელს რუსეთის ჩოგბურთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა შამილ ტარპიშევმა ამერიკელი ჩოგბურთელები „ძმებ უილიამსებად“ მოიხსენია. ამ შემთხვევაშიც, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საჯაროდ შეეწინააღმდეგა სექსისტური კომენტარის ავტორს, რაც მათ დროულობას კიდევ ერთხელ ცხადყოფს.

უილიამსების გარდა, მსგავსი დისკუსიის თემა ამერიკელი კალათბურთის მოთამაშე ბრიტნი გრაინერიც გამხდარა. პროფესიონალ კალათბურთელობამდე, 2.06 მ სიმაღლის გრაინერი აშშ-ს საუნივერსიტეტო ლიგაში იმდენად დომინანტური იყო, რომ კრიტიკოსები აღნაგობისა და ბოხი ხმის გამო მას კაცად მოიხსენიებდნენ. WNBA-ს სეზონთაშორისი შესვენების დროს, საკალათბურთო კლუბ „ეკატერინბურგში“ თამაშის დროს ღიად ლესბოსელ გრაინერს რუსულ ჰომოფობიურ ფორუმებზე არაერთხელ დააბრალეს კაცობა თუ სქესის შეცვლა.

Image via Getty Images

ყველაზე საკამათო შემთხვევა სპორტში ტრანსგენდერთა ჩართულობის შესახებ მძლეოსან კასტერ სემენიას ეხება. სამხრეთ აფრიკელი სპორტსმენი სქესობრივი განვითარების დარღვევებით (DSD) დაიბადა, რის გამოც მას ტესტოსტერონის ბუნებრივად მაღალი დონე აქვს. The Guardian-ის მიერ გამოქვეყნებულ ავტობიოგრაფიაში კასტერი წერს, რომ მისი აგებულების გამო (მას საშვილოსნო და ფალოპის მილი არ აქვს) – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი „გენდერის ტესტის“ შედეგები საჯაროდ გამოქვეყნდა – თავს გარიყულად გრძნობს. 18 წლის ასაკში საფრთხე დაემუქრა არა მხოლოდ სემენიას კარიერას, არამედ მის თვითშეფასებასა და წარმოდგენებს – იგი ბავშვობიდან გოგონად იზრდებოდა და თავს გოგონად თვლის. იმან ხალიფის მშობლების მსგავსად, მის მშობლებსაც მოუწიათ ჟურნალისტებისთვის კასტერის ბავშვობის ფოტოებისა და დაბადების მოწმობის ჩვენება, საკუთარი სიმართლის დასადასტურებლად და შეურაცხყოფის შემდეგ საკუთარი ღირსების შესანარჩუნებლად.

„თუ საშვილოსნო არ მაქვს, ორსულად ვერასდროს ვიქნები. მინდა, ოჯახი მყავდეს. სიკვდილის დღემდე გენდერზე, სქესზე თუ გენიტალიებზე დაცინვის სამიზნე ვიქნები. წარმატების გარდა, ის დავკარგე, რაც ჩემი თავი მეგონა. გოგონა. ქალი.“

ზემოთ ჩამოთვლილ ყველა შემთხვევას ერთი გარემოება აერთიანებს – მოტივი, რომელიც, შესაძლოა, რასიზმიდან იღებდეს სათავეს. ადამიანები, რომლებიც სილამაზის დასავლურ სტანდარტებში არ ჯდებიან (რომელიც თავის  თავში ძირითადად ღია ფერის კანს მოიაზრებს), ადვილად ხდებიან ტრანსფობიური ჯგუფების სამიზნე. მათთვის ბევრად უფრო ადვილია, საკუთარ გონებაში შექმნილი „ტრანსგენდერის გარეგნობა“ არაბ თუ შავკანიან სპორტსმენებს მოარგონ და მათზე იქილიკონ. ეს ტენდენცია არ გამორიცხავს დისკრიმინაციული იარლიყების ნებისმიერ ადამიანზე (ცის- თუ ტრანსგენდერზე, ქალზე თუ კაცზე…) მიკერებას, რომელიც პრივილეგირებული ჯგუფის წევრების აღქმასა თუ გემოვნებას ვერ დააკმაყოფილებს.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ნახსენები დისკრიმინაციის მსხვერპლი ცისგენდერი სპორტსმენები გახდნენ, ტრანსგენდერი ათლეტების მდგომარეობა სპორტში არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა. რა სიტუაციაა ამ მიმართულებით რეალურად და რა სირთულეების გადატანა უწევთ ტრანსგენდერ სპორტსმენებს, მხოლოდ მონაწილეობის მისაღებადაც კი, შემდეგ სტატიაში წაიკითხავთ.

ნახეთ: ინტერვიუ ბარბარა ასლამაზთან

ლევან აბაშიძე Avatar