“ჩერნობილის ლოცვა” – ექო 1986 წლიდან

“ჩერნობილის ლოცვა” – ექო 1986 წლიდან

თანამედროვე ბელარუსი ავტორი, სვეტლანა ალექსიევიჩი, სრულიად რეალური ისტორიების საფუძველზე იმ მწარე რეალობის შესახებ გვიყვება, რომელიც მისმა ქვეყანამ გამოიარა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში. მისი ყველა ნაწარმოები ეროვნული გულისტკივილია და, ამიტომ, გასაკვირი არცაა ნობელის პრემია, რომელიც მის თაროს ამშვენებს.

ჩერნობილის ლოცვა ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან ცნობილი ინციდენტის შესახებ გვიყვება. მცირედი სიმარტივისთვის დავძენ, რომ ჩერნობილის კატასტროფა 1986 წლის აპრილში მოხდა და შკალის მიხედვით მეშვიდე დონის ერთადერთ ბირთვულ მოვლენად რჩება ისტორიაში. მეორე მსოფლიო ომში ყოველი მეოთხე ბელარუსი გარდაიცვალა, ხოლო ორმოციოდე წლის შემდეგ ტრაგედიის შედეგად დაბინძურებულ მიწაზე დღეს ბელარუსის ერთ მეხუთედს უწევს ცხოვრება – რიცხვებში 2.1მილიონი, მათ შორის 700 ათასი ბავშვი.

ალექსიევიჩის შრომა კი ფასდაუდებელია, რადგან შეგროვილია უამრავი სულისშემძვრელი ისტორია საზოგადოების განსხვავებული ადამიანების მოსმენით – განსხვავებული პროფესიით, საზოგადოებრივი ფენითა (მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთი ფენა უნდა ყოფილიყო, წესით) და სტატუსით. ის გადმოგვცემს ამ უდიდესი ტრაგედიის შედეგებს ადამიანების პირით, ძალიან მცირედი ჩარევებით, ზოგჯერ სიცილით, ზოგჯერ გაჩუმებით, ტირილითა და ბოლომდე განადგურებითაც კი.

Image via Telegraph

პირველივე ისტორია საკმაოდ მძიმეა. უკრაინელი ცოლ-ქმრის ისტორია, უფრო სწორად, მეხანძრე ქმრისა და ქვრივის, რომელიც ვერც კი წარმოიდგენდა რამდენად უყვარდა ქმარი, სანამ ცოცხალი ჰყავდა. ისტორია იწყება წყვილის იდილიით, რომელსაც ღამის გამოძახება დაარღვევს. მიუხედავად არსებული ინფორმაციისა, ლოკალური თუ უფრო ნაკლებად ლოკალური პასუხისმგებელი პირი გადაწყვეტს ყოვლად შეუიარაღებელი, უბრალო, პატიოსანი, ხანძართან მებრძოლი რაზმის გაგზავნას რადიაციულ ჯოჯოხეთში. რაზმის წევრები ცხადია ძალიან მალევე მოსკოვში გადააფრინეს, სადაც ჩვენი ისტორიის პირველი გმირიც წავიდა. იპოვა ქმარი და საბჭოთა “კეთილდღეობის” შეწევნით ახერხებდა მის ნახვას. რამდენიმე დღეში, როცა სისხლის ხველება და ცოცხლად ხრწნა დაიწყეს მეხანძრეებმა, ექთნები ზეწარსაც აღარ ცვლიდნენ, საწყალი აწ უკვე ქვრივი კი საკუთარი ხელით წევდა მეუღლეს, ხელში ხან კანი რჩებოდა, ხან ხორცი, ხან თმის გორგალი. ბოლოს კი გარდაცვლილები ისე “დალუქეს” და დამარხეს , რომ გამომშვიდობების საშუალებაც არ ჰქონიათ ახლობლებს.

მე კი ვერაფერს გეტყვით ვერც უკეთესს და ვერც უკეთესად, ამიტომ სჯობია მოუსმინოთ მათ ლოცვებს…

Image via REUTERS/Gleb Garanich

ლიკვიდატორის მოყოლილი ისტორიიდან: „ჩვენ კარგი ხუმრობებიც გვქონდა, მაგალითად, ამერიკელი რობოტი ჩერდება რეაქტორის სახურავზე ხუთი წუთით და ფუჭდება. იაპონური რობოტი ჩერდება ხუთი წუთით რეაქტორის სახურავზე და ფუჭდება. რუსული რობოტი ჩერდება ორი საათი რეაქტორის სახურავზე, შემდეგ კი ვიღაც ყვირის ხმამაღლა „რიგითო ივანოვ, ორი საათიც და შეგიძლია მოსაწევად შეისვენო!“.

პოლიტიკოსის ისტორიიდან

„მე პარტიის რეგიონული მდივანი ვიყავი. და მე არაფერი მითქვამს. „რას იფიქრებს ხალხი თუ მე ჩემს ქალიშვილს მისი ბავშვით აქედან გავიყვან? ბავშვები უნდა დარჩნენ. ხალხი ვინც სცადა წასვლა საკუთარი კანის გადასარჩენად, მე დავიბარე კომიტეტში და ვეკითხებოდი იყვნენ თუ არა კომუნისტები. ეს იყო ტესტი ხალხისთვის. და თუ მე კრიმინალი ვარ, ამიხსენით რატომ ვკლავდი საკუთარ შვილიშვილს?“.

მასწავლებლის ისტორიიდან

„ჩვენმა ოჯახმა გადავწყვიტეთ ფული არ დაგვეზოგა და ძეხვსაც კი ყველაზე ძვირიანს ვყიდულობდით იმ იმედით, რომ კარგი ხორცით იქნებოდა გაკეთებული. შემდეგ კი, როგორც აღმოჩნდა, ზუსტად ძვირიან ძეხვს შეურიეს დაავადებული ხორცი, რადგან ძვირიანს ნაკლები ხალხი იყიდდა“.

„მე მომავალი მანგრევს და არა წარსული“

„ხარ ნორმალური ადამიანი და უცებ ხდები „ჩერნობილის მონაწილე“, ცხოველი, რომელიც ყველას აინტერესებს, არ იციან არაფერი შენზე და არც გიახლოვდებიან. გინდა გახდე ისევ ერთ-ერთი მათგანი მაგრამ, უკვე შეუძლებელია“

„და უცებ ამეკვიატა ფიქრი თუ რა ჯობდა, დამევიწყებინა თუ მხსომებოდა“

„ჩერნობილი რუსული მენტალობის კატასტროფაა. ეს არ ყოფილა უბრალოდ რეაქტორის აფეთქება, ეს იყო სისტემისა და ფასეულობების ნგრევა“

„მე ლექსებს ვწერდი. მიყვარდა ერთი გოგო. მეხუთე კლასში. მეშვიდე კლასში აღმოვაჩინე სიკვდილი“

ნახეთ: ინტერვიუ ბარბარა ასლამაზთან