Femme Football(e) – მდგომარეობა და გამოწვევები

Femme Football(e) – მდგომარეობა და გამოწვევები

ევროპის ჩემპტიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატებიდან გამომდინარე, თითოეული ქართველისათვის ფეხბურთი აქტუალური თემა გახდა. აღნიშნულ თამაშს ნამდვილად გააჩნია ძალა, გააერთიანოს ხალხი და მიანიჭოს განსაკუთრებული ბედნიერება, თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსი ყურადღება მაინც არ ექცევა საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს, რომელიც არანაკლებ სანახაობრივ ფეხბურთს გვთავაზობს.

ქალთა ნაკრებმა პირველი საერთაშორისო მატჩი ვაჟთა ნაკრების ჩამოყალიბებიდან მალევე, 1997 წელს ჩაატარა იუგოსლავიასთან. ნაკრები მნიშვნელოვანი ტურნირების შესარჩევ ეტაპებზე 11-ჯერ ყოფილა, ბოლო წლებში კი ევროპის ერთა ლიგაზე შედეგები საგრძნობლად გააუმჯობესა. სხვაობა მაყურებელს, ანაზღაურებასა და ცნობადობას შორის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში შეიმჩნევა. შედარებისთვის, 2022 წლის კაცთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს მილიარდ-ნახევარმა გულშემატკივარმა უყურა, ხოლო ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მაყურებელთა რეკორდი, ყველა თამაშის ჯამში, მილიარდს მცირედით აღემატება. საქართველოს ქალთა ნაკრებს აქვს არაერთი გამარჯვება, რომელიც აღნიშვნას იმსახურებს, თუმცა, ბევრად უფრო მნიშვნელოვან წარმატებას ქართველმა ქალმა ფეხბურთელებმა საკლუბო დონეზე მიაღწიეს.

Image via GPB

გურიაში, ლანჩხუთში, ჯერ კიდევ 2010-იანების სტარტზე საკმაოდ მასშტაბური საფეხბურთო საწვრთნელი აკადემია შეიქმნა, რომელსაც სათავეში დურმიშხან ჩხაიძე ჩაუდგა. გუნდს “ფირალები” დაარქვეს – მათ მიზნებზე სახელიც კარგად მეტყველებს, ისინი არაფრის დათმობას და არცერთი ქულის დაკარგვას აპირებდნენ. აკადემიის შექმნიდან რამდენიმე წელში ლანჩხუთელებმა ქართული კლუბებიდან (როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის) ჯერჯერობით ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს და, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემდეგ, ევროპის საუკეთესო 32 კლუბში მოხვდნენ. ტურნირზე ასპარეზობა ლანჩხუთელებმა შვედეთის ჩემპიონ „როსენგორდთან“ თამაშით დაასრულეს. ამჟამად, ქალთა ეროვნულ უმაღლეს ლიგაში 8 კლუბი მონაწილეობს. ლიდერობისთვის ერთმანეთს ზემოხსენებული „ლანჩხუთი“ და სულ რამდენიმე წლის წინ შექმნილი თბილისური გუნდი „კვარტალი“ ეცილებიან. 

ზემოაღნიშნული უთანასწორობის გამოსწორების დადებითი ტენდეცია შეიმჩნევა დასავლურ სამყაროში –  მაგალითისთვის, ბოლო კვირების თამაშების შემდეგ დანიის კაცთა ნაკრების წევრებმა ხელფასის გაზრდის შემოთავაზება მიიღეს, რომელსაც არ დასთანხმდნენ. უარის მიზეზად ფეხბურთელებმა კაცთა და ქალთა ნაკრებებს შორის ანაზღაურებაში სხვაობა დაასახელეს. მათი ეს ნაბიჯი დადებითად შეაფასეს გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემებმა (New York Times, The Athletic). დანიის ფეხბურთის ფედერაციის ეს ინიციატივა ძალაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შევა და, სულ მცირე, 2028 წლის ევროპის ჩემპიონატამდე გასტანს. ამ წამოწყების დადებითად წარმართვა და ატაცება დანიის ნაკრების ლიდერების დამსახურებაა, მათ შორის კრისტიან ერიკსენისა და კასპერ შმეიხელის. საბედნიეროდ, ნაკრების დანარჩენი წევრებიც მათ იდეას სიხარულით შეხვდნენ. დანიელებმა გამოაჩინეს, რომ უსამართლობაზე საკუთარ წილ პასუხისმგებლობას იღებენ და უკეთესი სიტუაცია დათმეს თანამემამულე სპორტსმენებისთვის.

ქალთა ფეხბურთი ისტორიაში პირველი პროფესიონალური საფეხბურთო მატჩიდან მალევე ჩამოყალიბდა, მის „ოქროს ხანად“ კი 1920-იანი წლები მიიჩნევა. პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ, ქალებმა მასობრივად გადაიბარეს სტერეოტიპულად მამაკაცების სამუშაო პოზიციები ქარხნებსა და მძიმე ინდუსტრიებში, ამიტომ ფეხბურთი უყურადღებოდ დარჩა. საბედნიეროდ, ქალთა სპორტის გამოცოცხლება 1960-იანი წლებიდან დაიწყო. დღევანდელი მდგომარეობით, FIFA და UEFA შეთანხმებულები არიან ქალთა საფეხბურთო ფედერაციების დაფინანსებაზე, ზოგ ფედერაციაში შესაბამისი დეპარტამენტის 50%-მდე თანხაც კი შეაქვთ. ფედერაციები იმედოვნებენ, რომ 2026 წელს სპორტში 60 მილიონი მოთამაშე იქნება ჩართული (ცნობისთვის, 2022 წლის ინფორმაციით 29.8 მილიონი ფიქსირდებოდა). ამ რიცხვში შედიან ასაკობრივ, ნახევრად-სამოყვარულო და პროფესიონალურ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელები.

Image via REUTERS/Carl Recine

ჯერ კიდევ 1995 წელს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე 12 გუნდი თამაშობდა, რის შემდეგაც ყოველი ტურნირი ემზადებოდა მეტი გუნდის სამასპინძლოდ. საბოლოოდ, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატში 32 ნაკრები მონაწილეობდა, რითაც ის მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რიცხვს გაუტოლდა. მატება შეიმჩნევა მონაწილეებისთვის გამოყოფილ საპრიზო თანხაშიც – ბოლო 16 წელიწადში მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი თითქმის 150 მილიონი დოლარით (დაახლოებით 25-ჯერ) გაიზარდა.

მიუხედავად მნიშვნელოვანი სხვაობისა სტატისტიკებსა თუ ფინანსურ შესაძლებლობებში, ქალთა საფეხბურთო სამყარო საინტერესოა როგორც ფეხბურთის ფანებისთვის, ისე რიგითი ადამიანებისთვისაც. ვიმედოვნებთ, რომ ქართული საზოგადოება, რომელიც, როგორც კიდევ ერთხელ დადასტურდა, ფეხბურთით ცხოვრობს, არანაკლებ შეიყვარებს ქალთა ფეხბურთს.

ნახეთ: ინტერვიუ ბარბარა ასლამაზთან